Sunday, December 28, 2008

ოპ-არტი


ოპ-არტი არტი, ანუ ოპტიკური ხელოვნება (optical art) აღნიშნავს მხატვრულ ნამუშევრებს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს, რომლებშიც ოპტიკური ილუზიებია გამოყენებული. ოპ-არტს ასევე გეომეტრიულ აბსტრაქციებს ან მახვილკუთხა აბსტრაქციებს უწოდებენ, თუმცა უფრო სასურველი ტერმინი შემეცნებითი აბსტრაქციაა. ტერმინი „ოპ“ მსგავსია 1960-იანი წლების სხვა პოპულარული მიმდინარეობა პოპ-არტის, თუმცა მსგავსება მხოლოდ სახელშია და არა სტილში.

„ოპტიკური ხელოვნება ხატვის მეთოდია, რომლის მიზანი ურთიერთქმედებაა ილუზიასა და ნახატის სიბრტყეს შორის, შემეცნებასა და ხედვას შორის“[1]. ოპ-არტის ნამუშევრები აბსტრაქტულია და საუკეთესო ნამუშევრების უმრავლესობა შავ-თეთრია. მათი ცქერისას მაყურებელს მოძრაობის, ფარული გამოსახულებების, ვიბრაციის შეგრძნება ეუფლება.

                                    ისტორიული კონტექსტი

არტი ბაუჰაუზის კონსტრუქტივისტული პრაქტიკის ნაყოფია. ეს გერმანული სკოლა, რომელიც ვალტერ გროპიუსმა დააფუძნა, ფორმისა და ფუნქციის ურთიერთქმედებას უსვამდა ხაზს, ანალიზისა და რაციონალურობის ჩარჩოებში. სტუდენტებს უნერგავდნენ ზოგად დიზაინზე ან მთელ კომპოზიციაზე ყურადღების გამახვილებას, ერთ მთლიანში შეკრული ნამუშევრის წარმოსადგენად. 1933 წელს ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ მრავალი მისი წამყვანი ინსტრუქტორი აშშ-ში გაიქცა, სადაც მოძრაობა ჩიკაგოში იკიდებს ფეხს, ხოლო საბოლოოდ კი ბლეკ მაუნტენის კოლეჯში, ეშვილში, ჩრდილოეთი კაროლინა, სადაც ენი და ჯოზეფ ალბერები ჩავიდნენ მასწავლებლად

                                          "ოპ"-ის წარმოშობა

ტერმინი პირველად გამოჩნდა ჟურნალ ტაიმში 1964 წლის ოქტომბერში, თუმცა ნამუშევრები, რომელთაც ამჟამად ოპ-არტს უწოდებენ პირველად რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა. მაგ. ვიქტორ ვაზარელის ნახატი „ზებრები“ (1938) მთლიანად მრუდი შავ-თეთრი ზოლებისგან შედგება, რომლებიც კონტურულ ხაზებში არ არის მოქცეული. შედეგად, ზოლები თითქოს იღვრება ან პირიქით წინ მოიწევს მათ გარშემო კომპოზიციის შავი ფონისგან. ასევე ჯონ მაკჰეილის Dazzle პანელები გამოფენილი 1956 წელს ექსპოზიციაზე This is Tomorrow (ეს არის ხვალინდელი დღე) და მისი Pandora სერია თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში 1962 წელს პროტო-ოპ ტენდენციებს ასახავს.


THE RESPONSIVE EYE

1965 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „The Responsive Eye“ („დამყოლი თვალი“, კურატორი უილიამ ზაიტცი). აქ გამოფენილი იყო ფართო სპექტრის ნამუშევრები, ფრენკ სტელას მინიმალიზმიდან ალექსანდერ ლიბერმანის ჰაეროვან პლასტიურობამზე, ოპ-არტის მიმდინარეობის ხელოვანთა გვერდით: ვიქტორ ვაზარელი და ბრიჯიტ რაილი. გამოფენის ფოკუსი ხელოვნების შემეცნებითი ასპექტები იყო, რომლებიც მოძრაობის ილუზიისა და ფერთა ურთიერთქმედების შედეგი იყო, რაც ყველაზე მკაფიოდ არნოლდ ალფრედ შმიდტის ნახატზე ჩანს. გამოფენა უზომოდ წარმატებული გახდა საზოგადოებაში, თუმცა მას ნაკლებად სწყალობდა კრიტიკა. კრიტიკოსებმა ოპ-არტი არაფრად ჩააგდეს და მას უბრალოდ თვალის მატყუარა უწოდეს. მიუხედავად ამისა, ოპ-არტის პოპულარობა საზოგადოებაში იზრდებოდა და ამგვარი გამოსახულებები მრავალ კომერციულ კონტექსტშიც იქნა გამოყენებული. ბრიჯიტ რაილიმ ერთ ამერიკულ კომპანიას უჩივლა კიდეც, ამ უკანასკნელის მიერ მისი ერთ-ერთი ნახატის ტანსაცმლის ნაჭრის დიზაინში გამოყენებისთვის, თუმცა უშედეგოდ.

                               
 შავ-თეთრისა და ფიგურა-ფონის ურთიერთქმედება

ოპ-არტი აღქმის განცდაა, რომელიც ხედვის ფუნქციებს ემყარება. ეს არიდინამიური ვიზუალური ხელოვნება, დაფუძნებული ფიგურისა და ფონის ურთიერთქმედებაზე, რომელიც ამ ორ სიბრტყეს შორის ინტენსიურ და წინააღმდეგობრივ გარდასახვებს იწვევს. ოპ-არტი ორი ძირითადი გზით იქმნება. პირველი, ყველაზე კარგად ცნობილი მეთოდი, არის ეფექტების შექმნა სხვადასხვა ზომისა და სისქის ხაზების მონაცვლეობით. ეს ნახატები ხშირად შავ-თეთრია ან მონოქრომული. ამგვარია ბრიჯიტ რაილის განთქმული ნახატი „Current“ (დინება, 1964), რომელიც კატალოგის „Responsive Eye“ გარეკანზე იყო გამოსახული. შავი და თეთრი ტალღოვანი ზოლები ერთმანეთთან ახლოსაა მიყვანილი ტილოს ზედაპირზე, რაც იმდენად სასტიკ წინააღმდეგობას ქმნის ფიგურასა და ფონს შორის, რომ მნახველის თვალზე მტკივნეულ განცდას იწვევს. მომდევნო რეაქციით ხაზები გამოსახულებებს ქმნის გარკვეულ ფერებში, იმის მიხედვით თუ როგორ აღიქვამს და ამუშავებს თვალის გუგა სინათლეს. როგორც გოეთეს აქვს აღწერილი მის ტრაქტატში „ფერთა თეორია“, ზღვარზე, სადაც ნათელი და ბნელი ხვდება ერთმანეთს წარმოიქმნება ფერი, ვინაიდან სინათლე და სიბნელე ორი ცენტრალური ძალაა ფერის შექმნისას.

                                                  
ფერი

ბრიჯიტ რაილიმ მოგვიანებით შექმნა ნაწარმოებები სრული ფერთა გამით. სხვა მხატვრებიც მუშაობდნენ ფერებში, თუმცა ეს ნამუშევრები ნაკლებად ცნობილია. იოზეფ ალბერსი ასწავლიდა „ფერთა ფუნქციის“ სკოლის ორ ძირითად მიმდევარს იელში 1950-იან წლებში: რიჩარდ ანუსკევიჩსა და იულიან სტანზაკს. ხშირად, ფერად ნამუშევრებში ფიგურისა და ფონის მოძრაობის მსგავსი პრობლემები დომინირებს, თუმცა მათში დამატებითი ელემენტი ფერთა კონტრასტია, რასაც განსხვავებული ეფექტი აქვს თვალზე. ანუსკევიჩი ამ ტიპის მხატვრობის კარგი მაგალითია. მის ნახატთა სერიაში „ტაძარი“, მაგალითად, ორი ძლიერ კონტრასტული ფერის დაპირისპირება იწვევს სიღრმის შეგრძნებას წარმოსახვით სამგანზომილებიან სივრცეში, იმდენად, რომ თითქოს ეს არქიტექტურული ფორმა მაყურებლის სივრცეში იჭრება. აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ რაილიმ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, ფაქტია, რომ ის საკუთარ ნამუშევრებს იგონებს, მაგრამ თავად არ არსულებს მათ.

სტანცზაკის კომპოზიციები ყველაზე კომპლექსურია ფერთა ფუნქციის პრაქტიკოსთა შორის. ალბერსის ფუნდამენტური ნაშრომის „ფერთა ურთიერთქმედება“ გავლენით სტანცზაკი ღრმად იკვლევს ფერთა ზეგავლენის პრინციპებს. „სტანცზაკმა ფერებითა და გეომეტრიით სხვადასხვა სივრცული განცდები შექმნა; ამ უკანასკნელზე [გეომეტრია] გაცილებით ადვილია საუბარი, ფერს კი არ აქვს მარტივი სისტემატიზებული ექვივალენტი... სტანცზაკის ნიჭი ფენების შექმნაშია. ის გამჭვირვალე ორნამენტს ორნამეტზე ისე ალაგებს, რომ თქვენ მათში მონოქრომულ ეკრანებს ხედავთ, და ყოველი მათგანი იკეცება, თითქოს ისინი მოძრავია.“

                                   
      გამოფენები

ოპ-არტის ნამუშევრების ვრცელი გამოფენა ჩატარდა სტრასბურგში 2005 წელს (L'oeil Moteur), კიდევ ერთი — ფრანკფურტის შირნ კუნსტჰალეში 2007 წლის თებერვალ-მაისში. კოლუმბუსის ხელოვნების მუზეუმი, ოჰაიო, ოპ-არტის პირველ უდიდეს რეტროსპექტივას აწყობს აშშ-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში, სახელწოდებით „ოპტიკური ნერვი: 1960-იანი წლების შემეცნებითი ხელოვნება“ 2007 წლის თებერვალ-ივნისში. პრატის ხელოვნების ინსტიტუტმაც ასევე უმასპინძლა ოპ-არტის გამოფენას 2007 წლის გაზაფხულზე. პარალელურად ბრიჯიტ რაილის რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა ჰქონდა ბოლო წლებში (დია ცენტრი, ნიუ-იორკი, 2000; ტეიტ-ბრიტანეთი, ლონდონი, 2003; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სიდნეი, 2004).


                                               
ფოტოგრაფიული ოპ-არტი

მიუხედავად მზარდი პოპულარობისა ფოტოფრაგები შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდებიან ოპ-არტს. მაშინ როდესაც მხატვრები ვიქტორ ვაზარელი და ბრიჯიტ რაილი დიდი რაოდენობით ნამუშევრებს ქმნიან, იგივე ითქმის კომპიუტერულ გრაფიკაზეც. შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა იყოს მსგავსი ეფექტის მომხდენი ბუნებრივი ობიექტის მოძებნა. თუმცა, ყველაზე ნაყოფიერი ამ მხრივ ლასლო მოჰოი-ნადი და ნოორალი ჰირანი არიან

ძონგის არქიტექტურა



ძონგის არქიტექტურა ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ბჰუტანში.

არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ბერთა საცხოვრებლებს. დამახასიათებელი ნიშნებია:

მაღალი შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით. 
კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული). 
ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე. 
მასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული. 
შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით. 
ელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ძონგის სტილის იშვიათი ნიმუშია ჰიმალაის ფარგლებს გარეთ.

                                         ფუნქცია

ძონგების დანიშნულება რეგიონის რელიგიური, სამხედრო, ადმინისტრაციული და სოციალური ცენტრის როლი იყო. ისინი ხშირად ყოველწლიური ცეჩუს ან რელიგიური ფესტივალის გამართვის ადგილია. ოთახები ძონგის შიგნით ტიპიურად ნახევრად ადმინისტრაციული (მაგ. პენლოპის ან მმართველის ოფისი), და ნახევრად რელიგიური დანიშნულებისაა, ძირითადად ბერების საკნებით. ამგვარი გაყოფა ადმინისტრაციულსა და რელიგიურ ფუნქციებს შორის გამოხატავს ძალაუფლების იდეალიზებულ გაორებას რელიგიასა და მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის.

                                           
ადგილმდებარეობა

ბჰუტანის ძონგის არქიტექტურამ ზენიტს 1600-იან წლებში მიაღწია უმაღლესი ლამა შაბდრუნგ ნგავანგ ნამგიალის ლიდერობის პერიოდში. შაბდრუნგი სპირიტუალურ გამოცხადებებსა და მინიშნებებს ეყრდნობოდა ძონგებისთვის ადგილმდებარეობის შერჩევისას. თანამედროვე სამხედრო სტრატეგთა თვალსაზრისით ძონგები, როგორც წესი, თავდაცვის ციხესიმაგრეთა ფუნქციისთვის საკმაოდ ოპტიმალურად არის განლაგებული. მაგ. ვანგდუ ფოდრანგის ძონგი მთის შვერილზეა აღმართული, რომელიც მდინარეების პუნა ჩუსა და ტანგ ჩუს შესართავს გადაჰყურებს, რითაც ადვილად აღკვეთდა სამხრეთელ დამპყრობთა მცდელობას მდინარე გამოეყენებინათ უბილიკო ფერდობების გვერდის ავლით შუაგულ ჰიმალაებზე ცენტრალურ ბჰუტანში შემოსვლისას. დრუკგიელის ძონგი პაროს ხეობის თავში იცავს ტრადიციულ ტიბეტზე თავდასხმის შემოსასვლელს მაღალი ჰიმალაების უღელტეხილებზე.

ძონგები ხშირად მთის წვერზე ან შვერილზე შენდებოდა. თუ ძონგი ხეობის ფერდობის კედელთან შენდებოდა, ამ შემთხვევაში უფრო მცირე ძონგი ასევე აღიმართებოდა ფერდობის თავთან მთავარი ძონგის გასწვრივ, რათა ფედრობი თავდამსხმელებისგან დაეცვათ. პუნახას ძონგი გამორჩეულია იმით, რომ ის შედარებით ბრტყელ ზედაპირზეა ნაგები მო ჩუ და პო ჩუ მდინარეების შესართავთან. მდინარეები ძონგს სამი მხრიდან ერტყმის, რაც მას თავდამსხმელთაგან იცავს. თუმცა ამგვარი განლაგება არც თუ ისე უხიფათო გამოდგა — 1994 წელს დინებიდან აღმა 90 კმ-ში ყინულოვანი ტბის წყალმა მისი ყინულის კაშხალი გახეთქა, რამაც პო ჩუს მასიური წყალდიდობა გამოიწვია, დააზიანა რა თავად ძონგი და იქ მყოფი მრავალი ადამიანი.


                                               
მშენებლობა

ტრადიციით ძონგი რაიმე სახის არქიტექტურული გეგმის გარეშე იგებოდა. ნაცვლად, მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი ლამას დირექციით, რომელიც ყოველ განოზომილებას სპირიტუალური აღმაფრენის საშუალებით ადგენდა.

ისტორიულად ძონგები შენდებოდა ე.წ. დავალებული მუშახელით - რეგიონში ყოველ ოჯახზე ბეგარის სახით დაწესებული შრომის სახით. ამ ვალდებულების თანახმა ყოველ ოჯახს უნდა მოეწოდებინა მუშათა დათქმული რაოდენობა რამდენიმე თვით ძონგის მშენებლობის პერიოდში.


                                         
ძონგი თანამედროვე არქიტექტურაში

დიდი ზომის თანამედროვე შენობები ბჰუტანში ხშირად ძონგის არქიტექტურის გარე მახასიათებლებს იყენებს, თუმცა თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით (როგორიცაა ბეტონის კარკასი).

ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ელ-პასოში იშვიათი ნიმუშია ძონგის სტილის გამოყენების ჰიმალაის გარეთ. კამპუსის თავდაპირველი ფაზის პროექტი ელ-პასოელ არიქტექტორ ჰენრი ტროსტს ეკუთვნის. გვიანდელი ფაზებიც იმავე სტილშია გადაწყვეტილი.

                                           თანამედროვე კვლევები

ბჰუტანელი მკვლევარის ს.ტ. დორჯის ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ თავდაპირველი "ძონგის მოდელი" სიმტოხას ძონგი არ უნდა ყოფილიყო, როგორც ეს ადრე სწამდათ, არამედ დობჯი ძონგი, რომელიც 1531 წელს აიგო 6000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან კლდეზე, რომელიც ვანგჩუს მდინარის ხეობას გადმოჰყურებს. სხვა თავდაცვითი მნიშვნელობის ძონგებისგნა განსხვავებით დობჯის ძონგი რელიგიური დანიშნულების უნდა ყოფილიყო, ადგილას, სადაც ნგავანგ ჩოგიელი "...მიიყვანა წყაროს წყალმა, რომელიც სათავეს ჯეტსუნ მილარეპას გვირგვინს ქვეშ იღებდა დრუკ რალუნგში, ბჰუტანში დრკპაკაგიუს სწავლებისთვის ცენტრის დაარსებისთვის შესაბამისი ადგილის ძიების დროს".





                                     

არქიტექტურა


არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

კრაისლერ ბილდინგი


კრაისლერ ბილდინგი (Chrysler Building, კრაისლერის შენობა) 319 მ (1048 ფუტი) სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე 42-ე ქუიჩისა და ლექსინგტონის ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კრაისლერის კორპორაციისთვის, თუმცა ამჟამად შენობა TMW Real Estate (75%) და Tishman Speyer Properties (25%) საკუთრებაშია. კრაისლერ ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში რომელმაც 1000 ფუტის სიმაღლეს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.

                                       ისტორია

შენობის პროექტი ეკუთვნის უილიამ ვან ალენს, რომელიც უილიამ რეინოლდსის შეკვეთით შესრულდა. პროექტი შემდგომში უოლტერ კრაისლერმა შეიძინა საკუთარი კომპანიის შტაბ-ბინისთვის.

შენობის აგების პერიოდში ნიუ-იორკის მშენებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში. კრაისლერ ბილდინგის მშენებლობა მიმდინარეობდა განუმეორებელი სისწრაფით - 4 სართული კვირაში - და მასზე არცერთი მშენებელი-მუშა არ დაღუპულა. დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სიმაღლით კრეიგ სევერანსის უოლ სტრიტზე მდებარე ცათამბჯენს გაუტოლდა; ამ ფაქტით აღშფოთებულმა ბატონმა სევერანსმა საკუთარ შენობას სასწრაფოდ დაამატა ორი ფუტი (60 სმ) სიმაღლეში, მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის მოსაპოვებლად (ეს ტერმინი გამორიცხავს ისეთ ნაგებობებს, როგორიცაა ეიფელის კოშკი).

თუმცა ბატონ ვან ალენს საიდუმლოდ უკვე ჰქონდა აღებული ნებართვა კრაისლერზე 125 ფუტი (38.1 მ) სიმაღლის ქიმის დასამონტაჟებლად, რომელსაც ასევე კონსპირაციულად ამავე შენობის შიგნით აწყობდნენ. ქიმი, რომელიც "ნიროსტას" უჟანგავი ლითონისა იყო, შენობის თავზე აღმართეს 1929 წლის 23 ოქტომბერს, რამაც კრაისლერ ბილდინგი არა მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი შენობა, არამედ მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა გახადა. ვან ალენი და კრაისლერი ამ ტიტულით მხოლოდ ერთი წელიღა ამაყობდნენ, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში დასრულდა მშენებლობა ემპაია სტეიტ ბილდინგზე. ამ ფაქტით განაწყენებულმა ბატონმა კრაისლერმა ვან ალენს გასამრჯელოს გადახდაზე უარი განუცხადა. კრაისლერ ბილდინგი საზოგადოებისთვის 1930 წლის 27 მაისს გაიხსნა.


                                        არქიტექტურა

კრაისლერ ბილდინგი ამერიკული არტ-დეკო სტილის თვალსაჩინო ნიმუშია, ხოლო ცათამბჯენის კოშკის ოვალური ორნამენტები იმდროინდელი კრაისლერის ავტომობილების საბურავების სახურავის იმიტაციაა. შენობას მიიჩნევენ ნიუ-იორკის არტ-დეკოს პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად, რაც თავისთავად ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს პერიოდად ქალაქის არქიტექტურულ განვითარებაში.

შენობის ვესტიბიული ისევე ელეგანტურია, როგორც თავად შენობა. გახსნის პირველ წლებში შენობის ბოლო სართულზე საზოგადოებისთვის პანორამული გალერეა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაკეთდა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინანსურად თავის შენახვა ვერ შეძლო დიდი დეპრესიის პერიოდში და ყოფილი პანორამული გალერეა კერძო კლუბად გადაკეთდა. შენობის ბოლო სართულები ვიწროა, დაქანებული დაბალი ჭერით და პროექტით გათვალისწინებული იყო რადიოს სამაუწყებლო ტექნიკის და სხვა ელექტრო-მექნიკური მოწყობილობის განსათავსებლად.

კრაისლერ ბილდინგი მის თანამედროვე კრიტიკოსთა მიერ უარყოფითად იქნა აღქმული ე.წ. "ფრივოლური" დეკორაციებისთვის, რაც იმჟამინდელი მკაცრი ფუნქციონალური მოდერნიზმიდან გადახრას წარმოადგენდა. თუმცა საზოგადოებისთვის ის სწრაფად გახდა ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმბოლო. დროთა განმავლობასი ის 1920-იანი წლების არქიტექტურული ექსპრესიის ბუმის, რომელიც 1929 წლის დეპრესიით დასრულდა, საუკეთესო ნიმუშად შერაცხეს. შენობა დღემდე ნიუ-ორკელების რჩეულად რჩება. 2005 წლის ზაფხულში არქიტექტორთა, მშენებლეთა, კრიტიკოსთა, ინჟინერთა, ისტორიკოსთა და სხვათა შორის წარმოებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა ნიუ-იორკის 25 ცათამბჯენიდან 10 საუკეთესოს შერჩევას, კრაისლერ ბილდინგი პირველ ადგილზე დასახელდა გამოკითხულთა 90% მიერ.