Sunday, December 28, 2008

მულტიპლიკაციური კინო


მულტიპლიკაციური კინო (ლათ. multiplicatio - გამრავლება), კინოწარმოებისა და კინოშემოქმედების განსაკუთრებული დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე მოძრაობის ცალკეული, თანამიმდევრული ფაზების (მომენტები) გადაღებით. ამ ტექნიკას ასევე ანიმაცია ეწოდება.

მულტიპლიკაციური კინო ეკრანზე ქმნის ნახატი სხეულების მოძრაობის ილუზიას. მულტიპლიკაციური ფილმი წარმოადგენს კადრობრივი გადაღების მეთოდით ფიქსირებულ ბრტყელი გრაფიკული პერსონაჟების წინასწარ დამზადებულ სერიას. გრაფიკული მულტიპლიკაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვარი - კარიკატურისტი ემილ კოლი. 1908 წლის 17 აგვისტოს პარიზში პირველად აჩვენეს მისი ნახატი ფილმი "ფანტასმაგორია", რომელშიც კოლმა მულტიპლიკაციური (კადრობრივი) გადაღების გამოყენებით "გააცოცხლა" (აამოძრავა) თავისი ნახატი მოთხრობების პერსონაჟები.

თოჯინური, მოცულობითი მულტიპლიკაციის პიონერად ითვლება რუსი მხატვარი და ოპერატორი ვ. სტარევიჩი, რომელმაც მრავალი საინტერესო თოჯინური ფილმი გადაიღო: "მშვენიერი ლიუკანიდა", "კინოოპერატორის შურისძიება" (ორივე 1912), "ჭრიჭინა და ჭიანჭველა" (1913) და სხვა.

20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძირითადად ექსპერიმენტული, უფრო ხშირად აბსტრაქტული მულტიპლიკაციური ფილმები იქმნებოდა. დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში ძმები ფლეიშერების ფილმებმა, ხოლო შემდეგ -- რეჯისორისა და პროდიუსერის უოლტ დისნეის მრავალრიცხოვანმა სერიულმა დილმებმა: "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" (1938), "პინოქიო" (1939), "ბემბი" (1942) და სხვა.

No comments:

Post a Comment